თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაურს მოუსმინეს
საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის აღსრულების საკითხებზე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეაჯამა.
„თავდაცვის ძალების მეთაურმა კომიტეტის წევრებს საინტერესო მოხსენება გაგვაცნო. მან თავდაცვის განვითარების ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა როგორიც არის ჰაერსაწინააღმდეგო, ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, კონტრ მობილურობის და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც, როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს, ისე ნატო-ს და მის წევრ სახელმწიფოებს შეეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია, რომელიც კომიტეტმა მოისმინა, მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ნატოსთან თავსებადობის მიზნით ძალიან ბევრია გაკეთებული და დღემდე თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება. საქართველოს ჰყავს გამორჩეული, კარგად აღჭურვილი და მომზადებული თავდაცვის ძალები, რომელსაც მნიშვნელოვანი საბრძოლო ამოცანების შესრულება შეუძლია, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საკომიტეტო მოსმენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა დაესწრო.