შალვა პაპუაშვილი: გუშინდელ აქციაზე იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს
“მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „აი უცნობის“ ორგანიზებით გუშინ გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს
„რა მოვისმინეთ საერთო ჯამში? იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას? ეს არის საერთო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ. როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური. მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია. პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესი“, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისა. ეს „ეროვნული ინტერესი“ რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და ყველაფერთან პრორუსობა და ანტიდასავლურობა ელანდებათ, ეს არის პრობლემა. საბოლოოდ, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“ მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს. ამიტომ ეს პრობლემა არის ოპოზიციის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.