შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატსა და ფორუმს იმისთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან
რამე თუა ანტიდასავლური, სწორედ ეს პოზიციაა – დონალდ ტრამპს, ჯორჯ ბუშს და რონალდ რეიგანს ვუწოდო ფაშისტი, ანტიდასავლელი ან სხვა ეპითეტები, რომელსაც არ იშურებს ჩვენი ოპოზიცია. ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის უმწიფრობას. ხალხი, რომელსაც სურს, მომავალში მოვიდეს ხელისუფლებაში, პირდაპირ მტრობს ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე“ საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი მიწვეულია ამერიკული კონსერვატორების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რაც არის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მიღების კიდევ ერთი საშუალება.
„ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატსა და ფორუმს, იმისთვის რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. იცით, რომ წინა კვირას ვიმყოფებოდი პრაღაში, სადაც იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია. რა თქმა უნდა, ეს არის საშუალება მივიღოთ მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, იქნება ეს კონკრეტულად უნგრეთის მხრიდან თუ სხვა ქვეყნების მხრიდან. ამიტომ მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან არის მნიშვნელოვანი. ამ მხრივ უნგრეთის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.