აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხი სამართლებრივად დარეგულირდება. ამას ხელს შეუწყობს ის ცვლილება, რომელიც „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში შედის.
პარლამენტის ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარადგინა.
„კანონპროექტის მიღების შედეგად, სამართლებრივად დარეგულირდება საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას”, – განაცხადა ლევან მეხუზლამ. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.