გიორგი ვოლსკი: საგამოძიებო კომისიის შექმნას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს
მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი “ქოლცენტრების” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, კომისიის შექმნას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს.
„პარლამენტში არაფერი უკეთებიათ და საგამოძიებო კომისიის შექმნა რაღაც სტრატეგიად ჩამოაყალიბეს, რომ როგორმე თავი გამოიჩინონ რაღაცით, კომისია შექმნან, რომელიც სკანდალურ თემებს წამოსწევს. მე არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავის პოლიტიკურ გეგმას მიაღწიონ და დივიდენდი მიიღონ. კომისიის შექმნას მყარი საფუძველი უნდა გააჩნდეს, როცა დანაშაული სახეზეა და თუნდაც ამ დანაშაულზე არ რეაგირებს შესაბამისი უწყება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს, გამოავლენს მის ორგანიზატორებს, მფარველებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს.