ივანე ჩხაიძე: საქართველოში არ არსებობდა აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი – სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გვექნება ეროვნული პროტოკოლი, რომელიც დაეყრდნობა საუკეთესო გამოცდილებას
„საქართველოში არ არსებობდა აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი. რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა მულტიპროფილური ჯგუფი, რომელიც ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე მუშაობს”,- ამის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ეროვნული პროტოკოლი მზად იქნება, რომელიც საუკეთესო გამოცდილებას დაეყრდნობა.
“ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ახალი პროტოკოლის შექმნის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია საქართველოში საუკეთესო გენეტიკოსები, ენდოკრინოლოგები, პედიატრები, ტრავმატოლოგები, ეს მულტიპროფილური ჯგუფი მუშაობს ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე. ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას იღებს ასევე ამ პაციენტების მშობლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დინამიურია. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ამ პრეპარატის შემოსვლას აუცილებლად უნდა დახვდეს ეროვნული პროტოკოლი, ვინაიდან ეს არ არის პრეპარატი, რომელიც შეიძლება თვეში ერთხელ ან დღეში ერთხელ დალიოს ბავშვმა. ეს არის პრეპარატი, რომელიც ყოველდღიური ინექციების სახით უნდა გაკეთდეს, რომელსაც საკმაოდ ხშირად ახლავს წნევის დავარდნა და ამ პრეპარატის გაკეთებას თავისი წესები აქვს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი არ გაიწელება და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გვექნება ეროვნული პროტოკოლი, რომელიც დაეყრდნობა საუკეთესო გამოცდილებას. არ არსებობს დღეს არცერთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთიანი მიდგომა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.