ივანე ჩხაიძე: ერთ-ერთი გართულება, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა დაფიქსირდეს, არის ხერხემლის დეფორმაცია, რაც შესაძლოა, ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს
“ერთ-ერთი გართულება, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა დაფიქსირდეს, არის ხერხემლის დეფორმაცია, რაც შესაძლოა, ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს”, – ამის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების პროცესების დარღვევის გამო, სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია.
„იშვიათი დაავადებების კატეგორიას მიეკუთვნება და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, 20-დან 30 ათას ახალშობილში ამ დაავადების ერთი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს. საქართველოში თუ ახალშობილთა საშუალო რაოდენობას გავითვალისწინებთ, წელიწადში ამ პათოლოგიით, შესაძლოა ერთი ან ორი ასეთი ახალშობილი დაიბადოს. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების პროცესების დარღვევის გამო. სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია. ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, მონაწილეობენ აბსოლუტურად ყველა აქტიურობაში. მათ ერთადერთ პრობლემას სიმაღლეში ზრდა წარმოადგენს. საშუალოდ, ზრდასრული მამაკაცის სიმაღლე 131სმ-ია, ქალების – 123 სმ.
რაც შეეხება გართულებებს, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ჩართვასთან ამ პროცესში და ყველაზე ხშირ გართულებად განიხილება შუა ყურის ანთების მორეციდივე ეპიზოდები და ასევე, ერთ-ერთი გართულება, რომელიც ამ პაციენტებში შესაძლოა დაფიქსირდეს, არის ხერხემლის დეფორმაცია, რაც ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.