უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები „თავდაცვის კოდექსის” პროექტს გაეცნენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, მთავრობის მიერ ინიციატივის წესით მომზადებულ „თავდაცვის კოდექსის” პროექტს გაეცნენ.
პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ კოდექსზე მუშაობის პროცესზე, მასში ასახულ სიახლეებზე, სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და სამხედრო რეზერვის მოდელებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია გააცნო.
პარლამენტში სტუმრად მყოფ სტუდენტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე მიესალმნენ.
„ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო, ვიტყოდი რომ შესანიშნავი შეხვედრა გავმართეთ. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები თავდაცვის კოდექსის იმ სიახლეებს გაეცნენ, რომელიც კოდექსის მიღების შემდეგ ინერგება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ჰყავს გონიერი, ნიჭიერი, პატრიოტი და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც ადექვატურად აფასებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს და თავდაცვისუნარიანობის საჭიროებებს სრულად აცნობიერებენ. ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდობა საოცარ თაობას წარმოადგენს, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას და მის ინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სტუდენტებთან გამართული შეხვედრა და მათთან განხილული საკითხები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შეაფასა. „შეხვედრაზე ახალგაზრდებს თავდაცვის კოდექსის პროექტი გავაცანით და იმ სიახლეებზე ვისაუბრეთ, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტის სტატუსი არის გადავადების საფუძველი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის, ჩვენ რამდენიმე მიდგომა შევქმენით, რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა შეეძლებათ. ჩვენ სხვადასხვა სასწავლებლის უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს გავმართავთ, სადაც ახალგაზრდებს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის და რეზერვის სახეებს გავაცნობთ”, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს. მათ ღონისძიების ორგანიზატორებს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.