ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ამისთვის გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვინც ადგილზე, სუდანში არიან წარმოდგენილი
“ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ამისთვის ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვინც ადგილზე, სუდანში არიან წარმოდგენილი, სხვადასხვა პარტნიორებთან, ვისი მოქალაქეებიც ასევე იქ არიან და მოცემულ მომენტში ვერ ახერხებენ კონკრეტულ თარიღებში ქვეყნიდან გამოსვლას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანა მოხერხდეს.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა ერთი მხრივ იდენტიფიცირება მოვახდინოთ მათი საჭიროებების, თუმცა, ძალიან შეზღუდული ვართ ჩვენს ნაბიჯებში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილზე მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200 მოქალაქეს აღწევს, დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაჭრილია. უცხოური მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამასთან, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 185 ადამიანია დაღუპული და 1800-ზე მეტი – დაშავებული.