„ვიცით, რომ “ნაცმოძრაობა” გაყოფილია მინიმუმ ორ ნაწილად. არის ორი სხვადასხვა ფრთა. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა დაპირისპირება მერაბიშვილსა და კეზერაშვილს შორის. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის უამრავი დინება, ფლანგი, რაც მეტყველებს ამ პარტიის საერთო სისუსტეზე”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” არაფერი ეშველება.
“დღეს არის მოშლილი „ნაცმოძრაობა“. პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული და განიცდის კრიზისს, რა თქმა უნდა ყველანაირად ვეცდებით ხელი შევუწყოთ მათი დაშლის პროცესს. სინამდვილეში “ნაცმოძრაობას” არაფერი უშველის, მათი თავმჯდომარე, ლიდერი არის ხაბეიშვილი, დონორი არის კეზერაშვილი, ინტელექტუალური დონორი – მერაბიშვილი. შესაბამისად, ამ ვითარებაში, რაც უნდა არჩევნები ატარონ, ბუნებრივია, “ნაცმოძრაობას” არაფერი ეშველება. ეს არის კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის. რეალურად ყველამ იცის, რომ მელიას ფლანგი „ნაცმოძრაობიდან“ გარიყულია. ამას თვალს არ ან ვერ უსწორებს თავად, შესაბამისად, ცდილობს, რომ შიგნით ცალკე სეპარატისტული ფრაქცია ჩამოაყალიბოს. ეს ყველაფერი კარგია. რაც უფრო მეტი დაყოფა იქნება პარტიის შიგნით, მით უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებისთვის. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საპარლამენტო არჩევნებამდე და გამოიწვიოს „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება. ვიდრე ეს სისხლიანი, კრიმინალური პოლიტიკური ძალა იქნება ნომერ მეორე პოლიტიკური პარტია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მანამდე ბოლომდე ვერ გაჯანსაღდება ჩვენი პოლიტიკური სისტემა“,- განაცხადა კობახიძემ.