MyWay Airlines-ის გენერალური დირექტორი: სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან
“ჩვენი თანამშრომლები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან”,- ამის შესახებ MyWay Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ავიაკომპანია თანამშრომლებთან კომუნიკაციაშია.
“ერთადერთ პრობლემას წარმოადგენდა წყლისა და საკვებზე დეფიციტი, რომელზეც უკვე შეთანხმებას მიღწეულია და ჩვენი პარტნიორი კომპანია მიაწვდის. სხვა მხრივ, არის შიგადაშიგ სროლები ხან იკლებს, ხან იმატებს. მთლიანობაში ჩვენების უსაფრთხოება დაცულია. ვცდილობთ ისე დავამყაროთ კომუნიკაცია, რომ არ დაუჯდეთ ტელეფონები, იმიტომ რომ დენის პრობლემაა, გრაფიკით არის,” – განაცხადა ბაკურაძემ.
ამასთან, ავიაკომპანია Geosky-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრების დროულად გაყვანა სუდანის დედაქალაქიდან უახლოეს უსაფრთხო ადგილას.
შეგახსენებთ, სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია.