დასავლეთ საქართველოში ვენახების კადასტრის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

დასავლეთ საქართველოში ვენახების კადასტრის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე საჩხერის მუნიციპალიტეტში, საჩხერისა და ჭიათურის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, პროგრამა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე განხილული იყო პროგრამის დეტალები და განხორციელების ეტაპები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.
ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. პროგრამის განხორციელების შემდეგ ეტაპზე დაიწყება შესაბამისი ტექნიკური პერსონალის მომზადება და რეგისტრაციის პროცესი. კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
აღნიშნულ რეგიონებში სულ აღწერიალია 45 321 ჰა ფართობის ვენახები. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები