BBC: კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ფილმში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს, მათ შორის, linkdn-ის საკუთარ ანგარიშს მხოლოდ Milton Group-ის კომპანიების რეკლამისთვის იყენებდა.
როგორც ფილმში გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, არსებობს რამდენიმე სხვა სამხილიც, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებს.
„დავით კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის საკუთარ ანგარიშს თითქმის ექსკლუზიურად იყენებდა Milton Group-თან დაკავშირებული კომპანიების სამუშაოების რეკლამირებისთვის და აზიარებდა მათ პოსტებს.
რამდენიმე კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, იყენებდა იმეილის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლებიც Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყვნენ. კეზერაშვილს ასევე ეკუთვნის შენობა, რომელიც კიევის ოფისია თაღლითურ ქოლ-ცენტრ „ევერეფიქსისთვის“ და პროგრამების უზრუნველმყოფი ტექნოლოგიური ფირმისთვის. ამ ოფისში პოლიციამ რეიდი ნოემბერში ჩაატარა. მას ასევე თბილისში ეკუთვნის ოფისები, სადაც განთავსებულია ზოგიერთი იგივე ფირმა. როდესაც შევამოწმეთ Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი ოთხი პირის სოციალური მედიის პროფილები – ქორწილის, წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ფოტოებიდან ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანს ახლო კავშირი აქვს დავით კეზერაშვილთან. კეზერაშვილი არის Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული სულ მცირე 45 ადამიანის ფეისბუქ-მეგობარი, ხოლო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული 4 მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, – ამბობს გამომძიებელ ჟურნალისტი ფილმში.
მანამდე, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.