სოხუმში “საქართველო-აფხაზეთი-რუსეთის” და პირიქით, საქონლის ტრანზიტი სურთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ასლან ბჟანიამ გასულ წელს შექმნა.

შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა “საქართველოსა და აფხაზეთის გავლით, მესამე ქვეყნებში” საქონლის ტრანზიტის შესაძლებლობა განიხილეს.

დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ვალერი პაპბას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის წევრები ერთხმად უჭერენ მხარს “მესამე ქვეყნებიდან საქართველოსა და აფხაზეთის გავლით სხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში საქონლის ტრანზიტს”.

ჯგუფის წევრმა, თემურ ნადარაიამ დასძინა, რომ “არ ვართ წინააღმდეგი, მოხდეს ტრანზიტი თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან საქართველოს გავლით ან ქართული საქონლის გატარებით, რომლებიც აფხაზეთის გავლით რუსეთში და უკან წავა. აფხაზეთს ტრანზიტისთვის შეუძლია თანხების მიღება ბიუჯეტში და ეს აბსოლუტურად ნორმალურია”.

„ტრანზიტის ფარგლებში, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გავლით საქონელი რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საქართველოში მოხვდეს, რომ აფხაზეთმა ამაზე ფული იშოვოს. მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ჩვენმა საბაჟო ორგანოებმა საქართველოდან ტვირთები აღრიცხონ. ეს რეალურად ნიშნავს საქართველოს ბიუჯეტის შევსებას, საზღვრის ცალმხრივად გახსნას და აფხაზეთიდან საქართველოს სასარგებლოდ ფულის ნაკადს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები