გია ვოლსკი: არც ანა ფოტიგას და არც სააკაშვილის გარემოცვას არ მიუმართავთ მისთვის, რომ მკურნალობას დაემორჩილოს და თავი დაანებოს თვითდაზიანებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა.

„ყველაფერი იმდენად ზედაპირზე დევს, რომ არ მგონია, ანა ფოტიგას ეს ინფორმაცია არ ჰქონდეს და მხოლოდ ემოციების საფუძველზე საუბრობდეს. მან ზუსტად იცის, რაც მოხდა და როგორ მოხდა, რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მან ზუსტად იცის, როგორ მოხდა სამოქალაქო პირების დაღუპვა, რომლებიც არ გამოიყვანეს საომარი მოქმედებებიდან. ისიც უნდა იცოდეს, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე სააკაშვილი და მისი კაბინეტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და გაკვირვებული იყვნენ იმ პროვოკაციით, რასაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება სჩადიოდა. არც ანა ფოტიგას და არც სააკაშვილის გარემოცვას არ გაუკეთებიათ მნიშვნელოვანი განცხადება და არ მიუმართავთ სააკაშვილისთვის, რომ მკურნალობას დაემორჩილოს და თავი დაანებოს თვითდაზიანებას, როცა ზუსტად იციან, რომ ადგილი აქვს თვითდაზიანებას და არავითარ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ისეთ სურათს ქმნიან, რომ საქართველო დააზიანონ. ვინც საქართველოს აზიანებს განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ არ უნდა იყოს დადებითად შეფასებული და ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები