“რუსეთთან მოლაპარაკება ახალი კონფლიქტის დასაწყისს ნიშნავს, ასე იყო 2008 წელსაც” – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მხოლოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშია შესაძლებელი.

ამის შესახებ Delfi წერს.

“მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის მრავალი გზა არსებობს. ეს შეიძლება, გაკეთდეს საბრძოლო ხომალდ USS Missouri-ზე, სადაც იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებს უპირობოდ ჩაბარდა ან ეს შეიძლება, გაკეთდეს ორ პარტნიორს შორის რეალური მოლაპარაკების გზით. მაგრამ ახლა, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, მე ვერ ვხედავ სხვა ადგილს მასთან სალაპარაკოდ, გარდა ჰააგისა“, – განაცხადა დიპლომატმა.

მინისტრმა გაიხსენა, როგორ მთავრდებოდა დასავლეთის ლიდერებსა და კრემლს შორის წინა სამშვიდობო მოლაპარაკებები და თქვა, რომ კრემლთან მოლაპარაკება მომავალში შესაძლოა, ახალი კონფლიქტით დასრულდეს.

“წარსულში ჩვენ ვნახეთ, სად მიდის რუსეთთან მოლაპარაკებები. 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პუტინს ესაუბრა საქართველოში ომის დასრულებაზე და რა იყო შედეგი? 2014 წელს უკრაინაში შეჭრა. ამის შემდეგ დასავლეთის ლიდერებმა ზავის შესახებ დაიწყეს მოლაპარაკება და რა მოჰყვა ამას? 2022 წლის შეჭრა. ამიტომ, ვერც მე და ვერც ჩემს თანამემამულეებს ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ რუსეთთან ზავის შესახებ მოლაპარაკება არ არის მორიგი კონფლიქტის დასაწყისი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები