ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია საქმიანი დღის წესრიგი
“საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” საქმიანი დღის წესრიგი არ გააჩნია.
“საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ, გარდა ერთისა, რომ ახლა ვინც არიან ავანსცენაზე ძალიან აქტიურად, 1 პროცენტიც რომ არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში, იმ ადამიანებს მიეცეს ტრიბუნა და საშუალება, რომ გამოჩნდნენ ტელევიზიაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია საქმიანი დღის წესრიგი, მათ უღალატეს თავიანთ კოლეგებს, რომლებსაც ისინი ყოველდღე ღალატობენ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, 46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც გუშინ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია ჯერ არ მოიწვიოს. როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.