ელისო ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე აჭარაში კულტურისა და საერთაშორისო მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
„თორნიკე რიჟვაძესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურის კომიტეტის აჭარაში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი განვიხილეთ. ქედაში კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება, 12 აპრილს კი სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებით მასშტაბური პანელური შეხვედრები გვექნება, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გეგმები, თუ როგორი იქნება პროგრამა და რა მიმართულებები გვაქვს წელს. ფესტივალი სექტემბერში გაიხსნება და ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“ , – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სამუშაო შეხვედრებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამართავს.