9 აპრილი რუსთავში დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა
რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 -ე წლისთავი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 32-ე წლისთავი გვიან ღამით დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა.
საქართველოს დროშის ფერებში განათებული 9 აპრილის მემორიალთან, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ახალგაზრდებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად მივიდნენ.
მემორიალი მათ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას. სიმბოლურად ტიტებით იყო მორთული რუსთავის დამოუკიდებლობის ხეივანიც. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.