საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა.
მთავრობის მეთაური მეზობელ სახელმწიფოში გუშინ, 7 აპრილს გაემგზავრა და მისი დახვედრის ცერემონია გაბალის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ვიზიტის მეორე დღეს პრემიერი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოსა და გაბალის მომსახურების ცენტრში – ASAN Service-ში იმყოფებოდა.
გთავაზობთ პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის ამსახველ ფოტოკოლაჟს:
კომენტარები
კომენტარი