ლევან მურუსიძე: კატეგორიულად გამოვრიცხავ, გამოვიდეს ვინმე მოსამართლე და თქვას, რომ ე.წ. კლანი რამეს ავალებდა

სასამართლო სისტემაში არ მოიძებნება მოსამართლე, ვინც გამოვა და იტყვის, რომ ლევან მურუსიძემ და ან მიხეილ ჩინჩალაძემ აიძულა რამე და კონკრეტული საქმე ასე გადაეწყვიტა, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად გამორიცხულია, გამოვიდეს რომელიმე მოსამართლე და თქვას, რომ ე.წ. კლანი რამეს ავალებდა.

„სასამართლო სისტემაში ხედვასთან დაკავშირებით, გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული აზრი და ბუნებრივია, ამას არავინ არავის უშლის, მაგრამ ის, რომ გამოვიდეს ვინმე მოსამართლე და თქვას, რომ ე.წ. კლანი რამეს მავალებს, მე სხვა გადაწყვეტილების მიღება მინდოდა და ეს გადაწყვეტილება არ მივიღე, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ.

კორუფციაში რომ მადანაშაულებენ და თან იძახიან, მტკიცებულებებს ჩვენ არ ვაქვეყნებთო, მე მოქმედი მოსამართლე ვარ, ვცხოვრობ საქართველოში, ვიცნობ უამრავ ადამიანს, ჩემი სახელი გაპიარებულია უარყოფით კონტექსტში, ახლა მიმატებენ, რომ ვარ კორუმპირებული და თან მეუბნებიან, არ გეტყვი, რითი ვადასტურებ შენს კორუმპირებულობას, როგორ უნდა გავჩერდე? როგორ შეიძლება, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მოქმედ მოსამართლეს უწესებ სანქციებს და თან არ ეუბნები, რატომაა კორუმპირებული. გასაგებია რომ სტრატეგიული პარტნიორია, დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს და შეურაცხყოფა ხომ არ უნდა ავიტანოთ? ღია წყარო მაინც დამისახელე, რასაც შენ ფიქრობ.

ერთი რამეც მინდა ვთქვა, არის მაგნიტსკის სია, იქ მტკიცებულებების სტანდარტი ძალიან მაღალია და თუ არ ვცდები 5-წლიანია სანქცია. ეს სანქცია, რაც ჩვენ დაგვიწესეს, აქ მტკიცებულების არავითარ სტანდარტს არ იცავენ. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ამათ მოცემულ შემთხვევაში კორუფცია კი არ აინტერესებთ, უბრალოდ კორუმპირებულების სახელი დაგვარქვეს და რეალურად რაც უნდათ, სასამართლო სისტემის მიტაცება, იმას ახორციელებენ. ამათ კორუმპირებულის ნიშას მივაკრავთ, ხმას ვერ ამოიღებენ, ჩაღუნავენ თავს, ვერავინ შეეცდება მათ დაცვას, ვინაიდან კორუმპირებულები არიან და გაგვეხსნება გზა, რომ სასამართლო სისტემაში რაც გვინდა ის გავაკეთოთ“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები