არჩილ თალაკვაძე: კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ – ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად განხილვა და განვიხილავთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ძალიან სერიოზულად მოეკიდება აშშ-ს მხრიდან მოსამართლეების სანქცირების საკითხს და საზოგადოებას მალევე ამცნობს შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით. აქ საქილიკო და სასაცილო ამბავი არ არის. სულ რაღაც ერთი საათია გასული, რაც გასაჯაროვდა ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამას სერიოზულად ვეკიდებით, მოვეკიდებით და თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯები, ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით. ამ ყველაფრის ფონზე და ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და, ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიცაა, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა. აშშ-ს მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, – რა თქმა უნდა, აქ საქართველოს მთავრობა იგულისხმება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები