ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმებაში შეტანილმა ამნისტიამ წაახალისა ადამიანები, კიდევ ერთხელ განეხორციელებინათ შტურმი პარლამენტის შენობაზე – ამას მომავალში ვეღარ დავუშვებთ, ამიტომ საჭიროა, რომ კანონი აღსრულდეს სათანადოდ

ამნისტიის შესახებ ჩანაწერს​ 19 აპრილის შეთანხმებაში ანტიპრევენციული ეფექტი ჰქონდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის კანონი ლეგალური აქტია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ესეც კანონის აღსრულებაზე უარის თქმას ნიშნავდა და მმართველმა გუნდა განაცხადა, რომ ასეთ შეთანხმებას აღარასოდეს გააფორმებდა.

„საბოლოო ჯამში, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა – სწორედ ამ ამნისტიამ წაახალისა ადამიანები, კიდევ ერთხელ განეხორციელებინათ შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამას მომავალში ვეღარ დავუშვებთ, ამიტომ პრევენციისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ კანონი აღსრულდეს სათანადოდ ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც უმძიმეს ძალადობაში არის ეჭვმიტანილი. აქ მარტო ხულიგნობაზე ხომ არ არის საუბარი? საუბარია იმაზე, რომ ვიღაცამ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს, პოლიციელს წაუკიდა ცეცხლი – დასაწვავად გაიმეტა პოლიციელი, გაანადგურა სახელმწიფო ქონება – მანქანა, რომელიც 35 ათასი ლარი ღირს, შენობებს მიაყენა ზიანი. ქვებს უშენდნენ პოლიციელებს და ათობით სამართალდამცველი არის დაზიანებული ამის გამო. აქ თუ არ იქნება სათანადო რეაგირება, ბუნებრივია, ამას ექნება ანტიპრევენციული ეფექტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ ადამიანებს იმის გამო გამოესარჩლა, რომ ისინი მათი ჩანაფიქრის აღსრულებას ემსახურებოდნენ და ექსტრემისტული ქმედებების დაგეგმვა სწორედ რადიკალების კოორდინაციით ხდებოდა. კობახიძე აცხადებს, რომ „ფრანკლინის კლუბი“, „სირცხვილია“, „დროა“ და ა.შ. „არიან თან რადიკალური ოპოზიცია, თან უცხოელი აგენტები, ოღონდ მათ აქვთ ექსტრემისტული მიზნები“ და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ნებისმიერ ექსტრემისტულ ქმედებას რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები