ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის საბოლოო მიზანი არის საქართველოს უკრაინიზაცია და ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ამისთვის საბაბად გამოიყენონ

კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ ბოლომდე ვმუშაობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისა და მათი გარე პატრონებისთვის ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა და ჩართონ იმ ომში, რომელიც სამწუხაროდ, წარმოებს უკრაინაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი დესტრუქციული გეგმა აუცილებლად ჩავარდება.

„მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს უკრაინიზაცია და ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ამისთვის გამოიყენონ საბაბად, რაც არასწორია და, მგონი, საზოგადოება ამას ხედავს. გასული წლის ივნისში ჩაუვარდათ ეს ყველაფერი, როცა უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელს, დეკემბერშიც აუცილებლად ჩაუვარდებათ ნებისმიერი დესტრუქციული გეგმა. საზოგადოება ხედავს, რომ რეალურად ეს ხალხი ერთობლიობაში არის ომის, არეულობის, ქაოსის პარტია. მათ ეს უნდათ საქართველოში და ჩვენ სხვა რამ გვინდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ქართული საზოგადოების წინაშე, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები