ირაკლი კობახიძე: საქართველოს დღეს აქვს მყარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, სწორედ ამის ხარჯზეა, რომ ჩვენ შარშან გავზარდეთ ეკონომიკა 6 მილიარდი დოლარით და წელსაც გვაქვს ანალოგიური მაღალი ზრდის პროგნოზი
საქართველოს დღეს აქვს მყარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და სწორედ ამის ხარჯზეა, რომ ჩვენ შარშან გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა 6 მილიარდი დოლარით და წელსაც გვაქვს ანალოგიური მაღალი ზრდის პროგნოზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა არის არსებითად დამოკიდებული სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.
„საზოგადოებას ატყუებდნენ, ამბობდნენ, რომ ქვეყანა აყვავდებოდა კანდიდატის სტატუსისთანავე. საქართველოში 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა იყო 18.6 მილიარდი დოლარი და ერთ წელიწადში გახდა 24.6 მილიარდი დოლარი. ანუ, ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად 6 მილიარდი დოლარით. მოლდოვას ეკონომიკა 2021 წელს იყო 13.7 მილიარდი დოლარი და გახდა 14.6 მილიარდი დოლარი. საზოგადოებამ რომ გაიგოს – ჩვენ მოლდოვასთან ეკონომიკური სხვაობა ერთ წელიწადში გავზარდეთ 5 მილიარდ დოლარზე მეტით. წელსაც, მაღალი ალბათობით გაიზრდება ეს სხვაობა დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს, რომ მარტო ბიუჯეტებს შორის სხვაობა ამ ორ წელიწადში გაიზრდება 2 მილიარდი დოლარით, როცა ყოველწლიური დაფინანსება, რასაც მოლდოვა იღებს ევროკავშირიდან არის 100 მილიონი დოლარი. რეალურად იყო ტყუილი, რასაც ამბობდნენ – კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავდა არავითარ ეკონომიკურ თუ ფინანსურ სარგებელს. პოლიტიკურად ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, მაგრამ ხალხს ატყუებდნენ, რომ ეს ეკონომიკურ აყვავებას მოიტანდა. კანდიდატის სტატუსის პირობებში გრჩება იგივე დაფინანსება, რაც გქონდა. ეკონომიკური ზრდა არის არსებითად დამოკიდებული სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. საქართველოს დღეს აქვს მყარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და სწორედ ამის ხარჯზეა, რომ ჩვენ შარშან გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა 6 მილიარდი დოლარით და წელსაც გვაქვს ანალოგიური მაღალი ზრდის პროგნოზი. ამიტომ, რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.