თუ ვინმეს ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებას ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინასა და ევროპაში. აი, ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
„2012 წლამდე, როცა სააკაშვილი და ადეიშვილი მართავდნენ სასამართლოს, მაშინ იყო უამრავი „ქეისი“, პირდაპირ ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის დაიჭირეს ადამიანი. ამის მეასედი პრობლემა მოიტანონ. სირცხვილია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, როდესაც სასამართლო გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.