ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა და ადეიშვილმა აქციეს სასამართლო სისტემა რეპრესიულ მექანიზმად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, 2012 წლამდე არცერთი მოსამართლე არ დასანქცირებულა, სისტემას კი მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მართავდნენ.

„პირდაპირ ისინი მართავდნენ ყველაფერს, ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მათ აქციეს სასამართლო სისტემა რეპრესიულ მექანიზმად, რომელმაც გამოუტანა განაჩენები მაგალითად სერგო თეთრაძეს და ბევრ სხვას. გადაავსეს ციხეები, ჩვეულებრივად ბიზნესის რეკეტისა და ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყო ქცეული [სასამართლო]. ერთი ადამიანი გახსოვთ დასანქცირებული მაშინ? ამაზე ხომ მილიონი ფაქტი არსებობს. მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემურად გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული ინსტრუმენტი და ადამიანები კვდებოდნენ, ადამიანებს ქონებას ართმევდნენ სასამართლოს გამოყენებით. არცერთი ადამიანი არ დაუსანქცირებიათ.

მეტიც, ამ სისტემის შემოქმედები საქართველოში (გარეთ არა, გარეთ კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ) – სააკაშვილი და ადეიშვილი ბოლომდე სარგებლობდნენ მფარველობით, დასეირნობდნენ ევროპასა და ამერიკაში და დღემდე ადეიშვილი ამას აკეთებს. დღემდე არის მფარველობის ქვეშ ადეიშვილი – სისხლიანი სისტემის შემქმნელი. ეს არის რეალობა და საზოგადოებამ ეს ხომ იცის. მე მგონია, ვინც მიუტანა ბლინკენს ეს ქაღალდი ხელმოსაწერად, მან დანაშაულთან ერთად ძალიან დიდი შეცდომაც დაუშვა, ამას თამამად ვამბობ და ამ შეცდომის შედეგები გამოჩნდება სამომავლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები