ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან წესიერი და პატიოსანი ადამიანები არიან, – ასე ეხმაურება მოსამართლე ლევან მურუსიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ.
მურუსიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მცდელობა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება ამერიკის შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს.
„რეალურად ხდება სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომ შემდგომ მოხდეს ბერკეტების ხელში აღება. ეტყობა, სასამართლო რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიღაცებს არ აწყობდათ, ვის, ეს ცხადია უკვე. მცდელობაა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია – ქონება არ მაქვს რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება… როგორც არის – ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ძალა არის, თავი დახარო და უკადრებელი იკადრო. მე ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მიმაჩნდა, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, მაგრამ, ნუ, რა ვქნათ ახლა.
რა კორუფციაზეა საუბარი, თუ რამე კორუფციაში ვიყავი ჩართული, დააყადაღონ ანგარიშები და ამოიღონ რაღაცა. აქ კორუფციაზე არ არის რეალურად საუბარი – როცა საუბრობენ კორუფციაზე, რეალურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ. არავის არ სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, უნდათ, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისტემაში და მართონ სასამართლო სისტემა. მე რომ გავაკეთე განცხადებები ამერიკის საელჩოზე, რომ რეალურად სასამართლო სისტემას არაფერში არ ეხმარებიან და რეალურად ეს ყველაფერი არის პიარი, იფიქრეს, რომ ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, ჩვენი კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს. გამოჩნდება ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ არ ვაპირებ რამეზე თავი დავხარო. ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და მეც როგორღაც გავძლებ აქ. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნება ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით იტყვიან ხოლმე რაღაცებს, სინამდვილეში ამერიკელმა ხალხმა საქართველო სად არის, ისიც არ იციან. ქართული სახელმწიფო სისტემის ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ „კურიერთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.