რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო
რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა. მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო რუსეთის კიდევ ერთი სქემა საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.
როგორც გამოცემა SOVA წერს, სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა.
ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ.
„ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით. ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელი დაუბრკოლებლად შემოვიდა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები“ , – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ლაბახუას თქმით, მატარებელი საპირისპირო მიმართულებით წავა სხვა ტვირთით რუსეთის ფედერაციაში.
„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებით. იქ საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრს მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ მეორე და ასე, როგორც ამბობენ, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი „კაპიკობით“ შეივსება“, – აღნიშნა ლაბახუამ.
აფხაზეთის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქართული ოფიციალური უწყებების მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.