“ვოლტ საქართველოს” გენერალური მენეჯერი: მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ასევე, ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან და ეს ნამდვილად არის ჩვენი ინტერესი,- ამის შესახებ “ვოლტ საქართველოს” გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია აცხადებს.
მისივე თქმით, “ვოლტი” ხელშეკრულებას წყვეტს მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა და ძალადობა.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთადერთი პირობაა, შეწყდეს და არასდროს განმეორდეს ძალადობა, ბულინგი და მოქმედი კურიერების საქმიანობის უფლების შეზღუდვა. აღნიშნული ფაქტების ამსახველ მასალას კომპანია აუცილებლად მიაწვდის სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ ფაქტებით დაინტერესდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი პარტნიორები და მომხმარებელი.
რაც შეეხება ხელშეკრულებების შეწყვეტის თემას, ვოლტი ხელშეკრულებას წყვეტს მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, მათზე ძალადობა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში და სხვა”, – აღნიშნავს მარღანია.