იაგო ხვიჩია: კეზერაშვილთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია

“ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მის პარტიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონია.

„დავით კეზერაშვილს არ ვიცნობ და ალბათ გამიჭირდება, დეტალურად ვთქვა, მის თავში რა დევს და რა მიზნები აქვს, მაგრამ მგონია, ნარატივი, რომ ქართული ოპოზიცია არის ის ხალხი, რომელიც ერთიანდება კეზერაშვილისა და მერაბიშვილის, „ნაცების“ გარეშე, ყველაზე საჭირო და მწყობრია „ქოცებისთვის“.

ქართული ოპოზიციის მიმართ ასეთი დახმარებით, კეზერაშვილი უფრო „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას. მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ. მართლა თუ „ქოცებს“ ებრძვი, ის არ უნდა დაუშვა, რომ ყველაზე დისკრედიტირებული აღმოჩნდე ოპოზიციის მხარეს და დისკრედიტირების მიზეზი იყო. ჩემი აზრით, „ქოცების“ დამარცხების პროცესს აზიანებს, ხელს უშლის არსებული ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც დგას კეზერაშვილის ფულზე და „ნაცების“ შიგნით ვანოს რეპუტაციაზე.

თუ რაიმე ინარჩუნებს ხელისუფლებას, „ნაცების“ მტრის ხატია – სააკაშვილი რომ ციხეშია, ეს ხატი სათანადოდ მაინც არ გამოიყურება. ამიტომ საჭიროა მისი გაძლიერება ისეთი ფიგურებით, როგორიც მერაბიშვილ-კეზერაშვილია და ამაში ხელი არ უნდა შეუწყონ „ქოცებს“. ჩვენ მასთან არც კომუნიკაცია გვქონია და არც თანამშრომლობის სურვილი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.ვინმე ფულს თუ გაძლევს, ამ ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო”,- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები