ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებს კეზერაშვილი და არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს

„რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება არის „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა. ყველამ იცის და ცხადია, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფლობს ყველა სახელისუფლებო ტელევიზიას, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, ხოლო ოპოზიციაში ოლიგარქის ძიება, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნებიდან“, დიახ, არის პოლიტიკური დაკვეთა.

მე შემიძლია, ვისაუბრო „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. პარტიას არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს. არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები