ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე
როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ დროს ცდილობენ, ამ ყველაფერს მოუძებნონ პოლიტიკური სარჩული, ეს თავისთავად მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე ძალადობაზე რადიკალური ოპოზიცია არის პასუხისმგებელი.
„სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველის გამზირზე, აქედან გამომდინარე აწუხებთ მათ ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი ამ კონკრეტული დაკავებული პირის გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. შსს -ს ინფორმაციით, მამაკაცი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.