თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ
საქართველო და დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით აძლიერებენ.
“აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIBS) და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს კვლევების ჩატარებასა და აკადემიური პროგრამებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხრიდან დოკუმენტს ხელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის მხრიდან კი, ომისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ნილს პოლსენმა მოაწერეს.
ნატოს მიერ აკრედიტებული რეგიონში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებასთან აქტიურად თანამშრომლობს. პარტნიორებმა სკოლას განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი პრაქტიკული და მატერიალური დახმარება გაუწიეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.