ადვოკატი: „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული 28 წლის ანზორ ლომიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც მისი უფლებადამცველი პაატა გოგალაძე აცხადებს, ვერსია, რომლის მიხედვითაც, თითქოს ბრალდებულმა კაზინოში თანხა წააგო და გაბრაზებულმა გადაწვა ობიექტი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ ქმედებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვერსია, რომელიც მუსირებს, თითქოს მან კაზინოში რაღაც თანხა წააგო და გაბრაზებულმა გადაწვა ობიექტი, ბრალდებულის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ემუქრება საშიშროება, ის არ დაიწყებს ტანსაცმლის მოძიებას. ერთადერთი ინსტიქტია, გამოვიდეს ნებისმიერი საშუალებით.
ზუსტად ეს მუსირებს, რომ თუ ის ფსიქიკურად არის დაავადებული ამას გააკეთებდა. ჯერ დანაშაული და მისი გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს. შემდეგ, თუ დადგინდება ეს არის უკვე არა ბრალეულობასთან კავშირში, არამედ, პირს რა დახმარება უნდა გაუწიოს სახელმწიფომ”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.