თამარ გაბუნია: ქრონიკული დაავადებების მართვის კომპონენტი, რომლითაც დღეს 300 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანს შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მან თავიდან აიცილოს საშიში გართულებები

უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ პროგრამის ფარგლებში მისთვის საჭირო სერვისი მიეღო, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პროგრამა რომ დაიწყო 2013 წელს, მას დახვდა ძალიან ბევრი დაუკმაყოფილებელი სამედიცინო საჭიროება. მანამდე მოქმედი პროგრამები იყო მცირე, მწირი დაფინანსებით, ასევე, დანაწევრებული სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის, ბაზარი დერეგულირებული იყო, რაც ნიშნავს მცირე შესაძლებლობას ხარისხის უზრუნველყოფისთვის. ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დაფინანსების მატებასთან ერთად სწრაფად გაფართოვდა იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები იღებენ. თუ 2013 წლის თებერვალში, პირველ ეტაპზე საკითხი შეეხებოდა ყველაზე აუცილებელ, გადაუდებელ დახმარებას, მალევე, ივლისში მას დაემატა გეგმური ამბულატორიული სერვისი, ოჯახის ექიმის მომსახურება, გეგმური ქირურგიული ჩარევა და დღემდე ეს სერვისები ფართოვდება“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების კომპონენტის სწრაფი გაფართოებაც.

„2017 წელს პროგრამაში შევიდა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფა. ეს არის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ეს დაავადებები ჩვენთან ქმნის ავადობის ყველაზე მძიმე ტვირთს. ქრონიკული დაავადებების მართვის კომპონენტი, რომლითაც დღეს 300 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანს შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მან თავიდან აიცილოს საშიში გართულებები“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები