რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ავალიანის გადადგომას, კლინიკის უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მათივე თქმით, პროტესტი პოლიტიკური ხასიათის არ არის.
“ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიებს და ყოველგვარ პოლიტიკურ მოძრაობას. ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომ შენარჩუნდეს აღნიშნული კლინიკის მუშაობა უწყვეტად.
ვითხოვთ – დავუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას. ვინაიდან მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ თანამდებობიდან. პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, გიორგი დუნდუამ.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.