ალი ბაბაევი – “ოპოზიცია ყოველმხრივ  ცდილობს,  რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა იყოს”

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის,  ალი ბაბაევის განცხადებით, ოპოზიცია  ყოველმხრივ ცდილობს,  რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა იყოს.

ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს.

“მინდა,  თქვენი ყურადღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავამახვილო. ვიცით, როგორია გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენ გარშემო:  უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს,  კარგად იცით – სირიაში რა მდგომარეობაა,  ირან – აზერბაიჯანის პრობლემატური საკითხებია, აზერბაიჯანი – სომხეთის პრობლემებია, დესტაბილიზაციის წერტილები ჩნდება ხოლმე.   ჯერჯერობით,  ვერ ვიტყვით,  რომ ჩვენს რეგიონში სტაბილურობაა. მინდა,  ჩემი აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება  მშვიდობის,  სტაბილიზაციისა  ეკონომიკური განვითარებისთვის  პოლიტიკას ახორციელებს,   ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. ვნახოთ,  მეორე მხარეს რა ხდება:  ამ სიმშვიდეს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უჭერს მხარს ? რა თქმა უნდა,  არა. მხედველობაში ოპოზიცია მყავს,  რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა  აქვს,  ყოველმხრივ ცდილობენ,  რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა იყოს,  ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის ყველაფერს აკეთებენ. ბევრი მაგალითია იმის, თუ  როგორ დარბიან სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ პარლამენტარებთან, ევროპელ კორუმპირებულ პარლამენტარებზე  დიდ ფულს ხარჯავენ.  ამას  ყველა ევროპარლამენტარზე არ ვამბობ. მათ ვგულისხმობ, ვინც ევროპის პარლამენტში  “ნაციონალურ მოძრაობას”  და  ამ ოპოზიციას უჭერს მხარს. თუნდაც ავიღოთ ის, რომ  ნორვეგიის პარლამენტარებმა სააკაშვილი ადამიანის უფლებების დამცველად აღიარეს.  ეს ნამდვილად სამარცხვინოა. სად იყვნენ ეს კორუმპირებული პარლამენტარები მაშინ,  როდესაც 9 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ოჯახში ადამიანის უფლებები ირღვეოდა? მათ შორის, ჩემი ოჯახის უფლებები. ისინი იყვნენ კორუმპირებულები, მიკერძოებულები. ეს ზუსტად ის ხალხია,  რომლებსაც დღეს ასეთი ბინძური პოლიტიკა აქვთ, არცხვენენ ევროპას, ევროპის საპარლამენტო სისტემას.

მინდა,   როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, ყურადღება შემდეგზე გავამახვილო:  მე მაქვს ჩემი პირადი, სუბიექტური პრეტენზია იმასთან დაკავშირებით,  რომ  საქართველოში  მასმედია ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე,  რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე იფიქროს.  ვხედავთ,   ტელევიზიებში ერთი და იგივე ადამიანები გამოჰყავთ,  ამ ტელევიზიებს   ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე   ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აზრი არ აინტერესებთ.

მინდა,  მადლობა გადავუხადო საინფორმაციო სააგენტო “კვირას” ხელმძღვანელობას, რადგან ყოველთვის გვაძლევენ საშუალებას, ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენი სიტყვა ვთქვათ.

მე, როგორც ექსპერტი,  პოლიტოლოგი, ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკური  განვითარებაა. დავდივარ რეგიონებში, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაქვს. ვხედავ, რომ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის ძალიან სერიოზული კომუნიკაციაა. მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტის, გზების რეაბილიტაცია. ვიყავი წალკის რაიონში,  სადაც მოსახლეობა  გაზს ითხოვდა. შემდეგ გავიგე,  რომ 2024 წლის ბოლოსთვის საქართველო მთლიანად გაზიფიცირებული უნდა იყოს.  მერები და სახელმწიფო სტრუქტურები  მაღალ დონეზე მუშაობენ. ქვეყანა შენდება, არ ინგრევა. მაგრამ მეორე მხარეს შევხედოთ: ოპოზიციაში  ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,  რომ ქვეყანაში არეულობა,  დესტაბილიზაცია, დაპირისპირება იყოს.  მათი ყველა ქმედება, აქცია ქვეყნისთვის საზარალოა. 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 1 -ელ ოქტომბრამდე სულ ქუჩებში,  სულ მიტინგებზე  ვიყავით. თუ გაგიგიათ,  სადმე ერთი ფანჯარა მაინც დამტვრეულიყო?  ამ 2- დღიანი მიტინგის დროს ვნახეთ, რომ პარლამენტში შეჭრა  და სახელმწიფო გადატრიალება ჰქონდათ დაგეგმილი. ეს მცდელობა ჩაუვარდათ.

არენაზე მერაბიშვილი გამოვიდა,  მაგის ადგილზე, სირცხვილით ეკრანთან არ მივიდოდი.   ის არ იყო, გვამებს რომ ეძებდა? მათმა რეჟიმმა რამდენი უბედურება ჩაიდინა. დღეს გამოდიან და ხელისუფლების დამხობა უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე, როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელმა, ხალხის აზრი ვიცი.     ჩვენ შრომა,  სტაბილურობა გვინდა. გვსურს,  ქვეყანა გამდიდრდეს და  სიდუხჭირე არ იყოს.  პოლიტიკოსებს,  რომლებიც 9 წლის განმავლობაში მართავდნენ  ქვეყანას, უკვე  ნულოვანი სტატუსი აქვთ. მათ ხელისუფლებაში მოსვლა რეპრესიებისთვის უნდათ.

მინდა,  ბოლოს ჩვენს ხელისუფლებას მივმართო:  მომხრე ვართ იმ პოზიციის, რომელიც დღეს  ბატონ ღარიბაშვილს უჭირავს,    ჩვენ სტაბილურობა, მშვიდობა,  ევროპაში ინტეგრაცია  გვინდა. ევროპამ საქართველოს საზოგადოების მენტალიტეტი, საქართველოს ტრადიციები  უნდა გაითვალისწინოს”, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები