გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წელს 130 გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გეგმიურ შემოწმებათა 2023 წლის გეგმა დამტკიცდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს,” – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტი საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობას 130 ობიექტში შეამოწმებს. მათ შორის, დაგეგმილია 109 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების, 1 – ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების, 7 – სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესრულების, 13 კი, სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება. გეგმიური შემოწმებების პარალელურად, მოქალაქეების განცხადებებისა და ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არაგეგმიურ ინსპექტირებებს მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები