ყაზახეთის მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

ყაზახეთის პრემიერმინისტრმა, ალიხან სმაილოვმა თანამდებობა დატოვა, შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდა მთავრობის წევრებსაც.

ამის მიზეზი 19 მარტს გამართული მეჯლისის (პარლამენტის) არჩევნებია, რომლის შედეგად ქვედა პალატის ახალი შემადგენლობის არჩევა მოხდა.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მეჯლისის ახალი შემადგენლობის არჩევისას, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.

პრემიერის კანდიდატურის წარდგენა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას – „ამანათს“ შესთავაზეს.

არჩევნების შედეგად მეჯლისში მანდატების უმეტესობა – 98-დან 62 – პარტიამ “ამანათმა” მიიღო. პარლამენტში ასევე შევიდნენ “აულის” პარტია – რვა მანდატით; “რესპუბლიკა” და “აკ ჟოლი” 6-6 ადგილით; ყაზახეთის სახალხო პარტიამ – ხუთი, ხოლო ეროვნულ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ – 4 ადგილი მოიპოვა. პარლამენტში შვიდი სავარძელი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა დაიკავეს.

კონსტიტუციის მიხედვით, ყაზახეთის პრეზიდენტი, ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერმინისტრის კანდიდატურას მეჯლისის განსახილველად წარუდგენს და დეპუტატების თანხმობის შემდეგ, თანამდებობაზე დანიშნავს.

სმაილოვი ყაზახეთის პრემიერმინისტრი 2022 წლის იანვარში გახდა და თანამდებობაზე ასკარ მამინი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები