საქართველო ელექტრომობილების ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს გადადგამს

უკვე კარგა ხანია, ჩაიარა იმ დრომ, როდესაც ელექტრომობილები შორი პერსპექტივა იყო და მათ მასობრივ მოხმარებას მხოლოდ მომავალს უკავშირებდნენ. ელექტრომობილი დღეს აწმყოა და დროის სვლასთან ერთად, ირგვლივ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იკრებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მიზანი კეთილშობილურიც არის და ეკონომიკურად სასარგებლოც. ცხადია, ელექტრომობილების ბუმს ადრე თუ გვიან საქართველოც შეუერთდება, თუმცა დრო გადის ეს სფერო ჩვენს გარეშე ვითარდება.

საბედნიეროდ, დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს ძალიან მალე გადადგამს. უახლოეს პერიოდში ჩვენთან გაიხსნება ქარხანა, რომელიც ელექტრომობილების ბატარეების კომპონენტების წარმოებას დაიწყებს. პროექტი გიორგი გეგეჭკორს ეკუთვნის – „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკიინ დეველოპმენტის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს; ასევე სამეცნიერო-სასწავლო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილესა და „დელტა ინტერნეიშენალის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს – წარმატებულ და გამოცდილ მენეჯერს, რომელმაც დღეს ელექტრომობილების ინდუსტრიაში გადმოინაცვლა. მან პარტნიორთან ერთად შექმნა პროექტი, რომელიც სამთო მინერალების მოპოვების შედეგად დარჩენილი ნარჩენების გადამუშავებას და მათ ელექტრომობილების ბატარეების კათოდებად გამოყენებას გულისხმობს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი ელექტრომობილების ერთგვარი სამზარეულოა, რომელიც საბოლოოდ, პროდუქტისა და ბრენდის – ელექტრომობილის – წარმატებას შექმნის… და ამ ყველაფერს ქართველები საქართველოში ქართველი თანამშრომლებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური გუნდითა და მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით გააკეთებენ.

რომელ სექტორს წარმოადგენს თქვენი პროექტი?

(გიორგი გეგეჭკორი) პროდუქტი, რომლის წარმოებასაც ჩვენ ვაპირებთ, ათწლეულების განმავლობაში ფარავდა სოფლის მეურნეობის სფეროს. ის გახლდათ სასუქიც და ბუნებრივი, ჯანსაღი, სუფთა სახის შესაწამლი მასალა. თუმცა, გარდა ამისა, სამთო მინერალების მოპოვების შედეგად დარჩენილი ნარჩენები გამოიყენებოდა როგორც სამედიცინო ინდუსტრიის, ასევე საქონლის კვების მიმართულებით. ბოლო წლებია, აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენების დამუშავება ელექტრომობილების ბატარეების კათოდებად გამოსაყენებლად. შესაბამისად, უკვე საქმე ელექტრომობილების ინდუსტრიასთან გვაქვს. ამიტომაც არის აღნიშნული პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მიმართულება ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება და ძალიან ხელსაყრელია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია, ჩაერთოს ელექტრომობილების რევოლუციაში. ჩვენი პროდუქტი ელექტრომობილების ინდუსტრიის ჯაჭვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რაც კვლევისა და ძიების შედეგად არის დადასტურებული. ის საერთო პროდუქტის ნაწილია, რომლის გარეშეც ელექტრომობილი ვერ იარსებებს.

რა მდგომარეობაშია ელექტრომობილების ინდუსტრია საქართველოსა და მსოფლიოში?

-საერთაშორისო ბაზარზე, ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული წინსვლაა. ჩვენი პროექტის ფარგლებში, სიღრმისეულად შევისწავლეთ არაერთი კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი, რათა თითოეულ დეტალში გავთვიცნობიერებულიყავით. ეს პროდუქტი ქიმიის, ფიზიკისა და ბევრი სხვა სამეცნიერო დარგის ერთობლივი ნამუშევარია. არ მინდა გადავაჭარბო, თუმცა ტექტონიკურ ძვრებს შეედრება ის ძვრები, რომლებიც მსოფლიო ავტოინდუსტრიაში დაიწყო და შეუქცევადად გრძელდება. ადრე ავტოინდუსტრიის გიგანტები თითქმის არცერთ ელექტრომანქანას არ განიხილავდნენ თავიანთ რიგებში, თუმცა დღეს ყველა მათგანი სთავაზობს ან აპირებს, შესთავაზოს მომხმარებელს სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი. ევროკავშირის და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა მიზნად დაისახეს, მთლიანად შეაჩერონ შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების მოხმარება, რაც ელექტრომობილებზე ავტომატურად გაზრდილ მოთხოვნას ნიშნავს. აღარ ვსაუბრობ ჩინეთზე, სადაც ამ საკითხმა აბსოლუტურად სხვა მასშტაბებს მიაღწია.

გარდა ამისა, არსებობს ჰიბრიდული წვის ავტომობილები, რომლებიც ასევე საჭიროებენ ბატარეებს. ეს მსოფლიო მასშტაბით აღმავალი ტრენდია, რომელსაც საქართველოშიც ბევრმა აუბა მხარი. თუ საავტომობილო ბაზარს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დედაქალაქში გახშირდა სრულად ელექტრიფიცირებული მანქანები და უფასო ელექტროდამტენი მოწყობილობები. ეს, ცხადია, ელექტრომანქანების ყოლას ახალისებს. მე თავად დატენვადი ჰიბრიდის მფლობელი ვარ და თითქმის არ ვხარჯავ საწვავს, როდესაც საშუალო მანძილზე გადავადგილდები.

საქართველოში არსებობს მზაობა და შესაბამისად, შესაძლებლობაც, მოსახლეობა შეაჩვიო და მას, როგორც მინიმუმ, დატენვადი ჰიბრიდები შესთავაზო. ეს ქვეყნისთვის ორმაგად ხელსაყრელია, რადგან გამონაბოლქვის შემცირების პარალელურად, ჩვენი ელექტრორესურსებიც საგრძნობლად განვითარდება.

თქვენ თვლით, რომ გარკვეულ პერიოდში ელექტრომობილი თითოეულ ადამიანამდე მივა და გახდება ისეთივე მასობრივი, საჭირო და აუცილებელი, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილი? საინტერესოა, თქვენი ხედვით, როგორი იქნება ეს პროცესი საქართველოში და რა იქნება თქვენი კომპანიის როლი ამ ყველაფერში?

-რთულია, წინასწარ განჭვრიტო, რა პერიოდში მოხდება შიდა წვის ძრავიანი მანქანების ჩანაცვლება, თუმცა მოთხოვნაც და მიწოდებაც დინამიკურად ვითარდება. ეს დაახლოებით სურათს გვიჩვენებს, თუ სად შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა ხანმოკლე, საშუალო თუ ხანგრძლივ პერიოდში. სიმართლე გითხრათ, ჩემი პროგნოზით, როგორც მინიმუმ, ელექტრიფიცირებული კომპონენტი, რაღაც დოზით, თითოეულ ავტომობილში იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ევროპული ქვეყნების მსგავსი მიზანი დავისახოთ. ამ ეტაპზე ეს სერიოზული გამოწვევა იქნება ბაზრისთვის, თუმცა რასაც მოსახლეობა თავისი ნებით აკეთებს – ამცირებს საწვავის ხარჯს და იყენებს ელექტრო თუ ჰიბრიდულ ძრავს – ეს უკვე, თავისთავად, იმ მსოფლიო ტრენდის გაგრძელებაა. ჩვენი პროექტი კი, ამ ყველაფრის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენი პროდუქტიც უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება. ზოგადად, მეტად საჭირო იქნება ისეთი ტიპის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ელექტრომანქანების ბაზრის გაუმჯობესებას უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, ვგულისხმობ არა ფასს, არამედ ტექნიკურ საკითხს – მაგალითად, ამჟამინდელ სწრაფ დამტენებს, რომლებიც აფუჭებს ავტომობილის ბატარეას და აქვეითებს მის სიცოცლხისუნარიანობას. დარწმუნებული ვარ, მალე ამ საკითხს ქიმიკოსები და ფიზიკოსები ერთობლივად გადაჭრიან.

რა პროცესებს შეუწყობს ხელს თქვენი წარმოება საქართველოში, ინდუსტრიის განვითარების კუთხით?

-როდესაც სამთო მინერალების მოპოვების შედეგად დარჩენილ ნარჩენებზე ვსაუბრობთ, ეს, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. ეს არ იქნება, უბრალოდ, სამუშაო ადგილი სამუშაო ადგილისთვის. საუბარია განვითარებისა და თანამშრომლობის, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობაზე.

ნებისმიერი განვითარებული პროდუქტი, როგორც მთლიანი ჯაჭვი, საჭიროებს განვითარებულ რგოლებს. ჩვენ, ამ პროექტის ფარგლებში, გვაქვს პრეტენზია, მოვამარაგოთ საერთაშორისო სავაჭრო კომპანიები და საბითუმოდ მოვაჭრე ბროკერები. შესაბამისად, ჩვენი სტანდარტები მათ მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საწარმოო ქიმიური პროცესი და თავად პროდუქტი, ასევე ჩვენი თითოეული თანამშრომელი. ეს კი, თავის მხრივ, ამ საკითხზე მომუშავე ადამიანების ინტელექტუალურ განვითრებას განაპირობებს.

ბატონო გიორგი, საკმაოდ პოპულარულია მოსაზრება, რომ ელექტრომობილების, კონკრეტულად კი, ავტომობილების ელემენტების წარმოება ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მითია თუ რეალობა?

-ჩვენი წარმოება აბსოლუტურად კარბონ-ნეიტრალურია. მას არ გააჩნია გამონაბოლქვი და ნარჩენი, ამიტომ ის 100%-ით ეკოლოგიურად მწვანე წარმოებაა. მეტიც, ჩვენ სხვა წარმოებების მიერ დატოვებულ ნარჩენს გადავამუშავებთ და ვანეიტრალებთ იმ საფრთხეს, რასაც სამთო მრეწველობის მიერ დატოვებული ნარჩენები შეიცავს.

მართალია, ამ მოსაზრებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ბატარეების არასწორ განთავსებასთან, უფრო სწორად, გადაგდებასთან.

უცხოეთში ხშირად შევხვდებით ნაგვის დახარისხების მკაცრ პრინციპს, რომლის დარღვევის გამოც, მოქალაქე ჯარიმდება. თითოეულ ნარჩენს საკუთარი მიმართულება აქვს. ზუსტად ასეა ელექტრომობილების ბატარეების შემთხვევაშიც. თუ ჩვენ ბატარეებს ღია წესით გადავყრით სანაგვეზე, მათ თავიანთი დამაზიანებელი გარემოებები ახლავთ თან, მაგრამ თუ ეს ხდება სწორად – მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად – გარემოს არავითარი ზიანი აღარ ადგება, განსხვავებით, შიდა წვის ძრავისგან, რადგან გამონაბოლქვის შენახვა-დაკონსერვება შეუძლებელია.

ნებისმიერ ავტომწარმოებელს, რომელიც მანქანების ელექტრიფიკაციაზე მუშაობს, უფრო მეტად ჯანსაღი გარემო სურს და მათი პროდუქტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შესაბამისად, უშუალოდ წარმოების პროცესი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს და როგორც ჩვენს მაგალითზეც გითხარით, გარემოსთვის სავსებით უვნებელია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაშიც მალე დაიწყება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ მოხდეს ბატარეების კომპონენტების დასაწყობება ან გადაყრა.

და ბოლოს, თქვენი აზრით, ყველა ამ უპირატესობის ფონზე, რატომ აჩერებენ არჩევანს ადამიანები ჯერ კიდევ შიდა წვის ძრავის ავტომობილებზე?

-იმიტომ, რომ რამდენიმე წუთში შეგიძლია, აავსო ავზი საწვავით, დაიძრა და დაფარო ასობით კილომეტრი რამდენიმე წუთში მიღებული ენერგიით. ელექტროძრავს ეს ჯერჯერობით არ შეუძლია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და არა ინფრასტრუქტურის არარსებობა ან ნაკლებობა. ადრე არც ბენზინგასამართი სადგურები არსებობდა, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად, გაჩნდა. პროგრესს წინ ვერაფერი დაუდგება. ამ პროგრესში თითოეულმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა, მათ შორის, მე და ჩემმა პარტნიორმა, აუცილებელია, დავინახოთ საკუთარი ნიშა და მივიღოთ მონაწილეობა მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმის გაკეთებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები