1 მარტიდან „კავკასუს ონლაინის“ სერვისი ძვირდება
2014 წლის 1 მარტიდან სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტმომსახურების ტარიფებს ცვლის. კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების მინიმალური პაკეტის ფასი 20 ლარიდან 25 ლარამდე გაიზრდება. მომსახურების გაძვირების მიზეზი ახალი პაკეტებია, რომლითაც ინტერნეტის სიჩქარეა გაზრდილი. „კავკასუს ონლაინის“ ინფორმაციის თანახმად, თუ აქამდე მინიმალურ პაკეტში ინტერნეტის სიჩქარე 5 მბ-ით იწყებოდა, ახალი პაკეტით სიჩქარე გაორმაგდა და ის 10 მბ-ს შეადგენს. ახალ პაკეტში 10 მბ ინტერნეტის ფასი 25 ლარია, მაშინ, როცა 5 მბ სიჩქარის პაკეტის ღირებულება აქამდე 20 ლარი იყო.
„კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისში მცხოვრებმა ყველა მომხმარებელმა მისთვის სასურველი ის ახალი ინტერნეტპაკეტი, რომლითაც 1 მარტიდან უნდა ისარგებლოს, თავად უნდა აირჩიოს. ხოლო თუ მითითებულ პერიოდამდე მომხმარებელმა მისთვის სასურველი პაკეტი ვერ აირჩია, მაშინ მას ავტომატურად ჩაერთვება მისი არსებული პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარის შესაბამისი ახალი პაკეტი გაზრდილი სიჩქარით. კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული დანარჩენი ახალი ინტერნეტპაკეტები კი ასე განისაზღვრა: 30 მბ – 35 ლარი, 50 მბ – 45 ლარი და 100 მბ – 100 ლარი. კომპანიამ ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია „კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად სმს-ითაც შეატყობინა. „კავკასუს ონლაინმა“ რეგიონებისათვის ცალკე პაკეტიც შექმნა. ამ შეთავაზებით რუსთავსა და ფოთში მცხოვრები მომხმარებლები 5 მბ-იან ინტერნეტს თვეში 20 ლარად მიიღებენ. ამ პაკეტით მოგვიანებით სხვა ქალაქებშიც ისარგებლებენ.