დარჩიაშვილი – “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტზე: ეხება ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან და კარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ კონკრეტული ადამიანების მისამართით კანონის მიღების დაკავშირებისგან
“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან და ამ საკითხის სხვანაირ პრიზმაში დანახვისგან და კონკრეტული ადამიანების მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან, კარგი იქნება თუ ყველა თავს შევიკავებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც კითხვა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით დასვა.
კერძოდ ჟურნალისტმა იკითხა – „კანონპროექტში, მათ შორის იგულისხმება, პირველ რიგში, ბატონი ივანიშვილი და ის, რომ აღარ არსებობდეს მნიშვნელოვანი კავშირები ამ პიროვნებასთან. რა კეთდება ამ თვალსაზრისით, რათა ევროსტრუქტურები დაარწმუნოთ იმაში, რომ ამ თვალსაზრისითაც ყველაფერი კეთდება“?
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს 12 -პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და მათ შორის ის კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან და მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ამ საკითხის სხვანაირ პრიზმაში დანახვისგან და კონკრეტული ადამიანების მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან, კარგი იქნება თუ ყველა თავს შევიკავებთ, რადგან ეს 12 პუნქტი და მათ შორის კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელზეც, როგორც ვთქვით, უკვე სულ ახლახან მივიღეთ ვენეციის კომისიის დასკვნები, ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცესთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულების გზით, საქართველო მიაღწევს მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილტვით“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.