ბერბოკი: ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის – აუცილებელია რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დაუშვებელია გარედან ყოველი განწყობის ბოროტად გამოყენება

ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა უნდა… ეს არ არის მარტივი გზა, აუცილებელია რეფორმების განხორციელება, – ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე მინისტრის განცხადებას ეხებოდა – დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა საქართველოს კურსიდან აცდენაში.

“გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე – ჩამოვედი არა მხოლოდ, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ამ ქვეყნის მეგობარი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რომლებიც რთულია მხარდასაჭერად. მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო, გერმანია ყველაფერს გააკეთებენ ერთობლივად, რათა საქართველო მივიდეს ევროკავშირამდე. ჩვენ 12 პუნქტად ჩამოვაყალიბეთ ყველაფერი, ასევე ეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ. ეს უნდა გაგრძელდეს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. მართლმსაჯულების სფერო, სიტყვის თავისუფლება – ეს თავისთავად ცხადია, რადგან გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა უნდა. არამხოლოდ რუსული აგრესიული ომი უკრაინაზე, არამედ მანამდე განვლილი წლები, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული. ეს არ არის მარტივი გზა, აუცილებელია რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დაუშვებელია გარედან ყოველი განწყობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემი სათქმელი, გასული კვირების, თვეების განმავლობაში ამაზე ძალიან ღიად, გახსნილად ვსაუბრობდით მე და ილია დარჩიაშვილიც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები