ზურაბ ქადაგიძე: ძალიან ზუსტი შეფასებებით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან ზუსტი შეფასებებით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე.
ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფოს მიერ და გამომდინარე რეგიონული კრიზისიდან, სამხედრო ინტერვენციის რისკი ოკუპანტის მხრიდან არა თუ მცირდება, არამედ იზრდება, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები განისაზღვრება შემდეგი აუცილებლობით:
• მშვიდობა;
• ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა;
• პოლიტიკური სტაბილურობა;
• სახ-ინსტიტუტების მდგრადობა;
• გონივრული საგარეო პოლიტიკა;
• საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, სახელმწიფო ინტერესების საპირისპიროდ:
▪︎ ლიბერალური ფაშიზმის პედალირებით, საზოგადოებას კარგებად და ცუდებად ყოფს;
▪︎ ყველა საგარეო ვიზიტს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისთვის იყენებს;
▪︎ პერმანენტულ რეჟიმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს;
▪︎ პარლამენტსა თუ ქუჩაში, ყველა მათი ქმედება და დემონსტრაცია, პოლიტიკური კრიზისის შექმნას ხმარდება;
▪︎ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ამუნათებენ და მოუწოდებენ საქართველოს, საერთაშორისო სანქციებში ჩართვაზე, რაც ავტომატურად ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებს;
▪︎ ყველა მათი ინსინუაციური და პროვოკაციული ნაბიჯი, გათვლილია რუსეთ-უკრაინის ომში, საქართველოს მხარედ დაფიქსირებისთვის,რაც პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივაა. პრემიერის ბოლო მიმართვა, საპარლამენტო ოპოზიციას: „ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმს“, – ძალიან საინტერესო, იქნება ჩვენი ოპოზიციის შეფასებები, თუმცა, რა უნდა შეაფასონ, როდესაც მათი 90% ამ ექსტრემიზმსა და დესტაბილიზაციის შექმნას ასაზრდოებს?! მოკლედ, ჩვენს ოპოზიციაზეა ნათქვამი – არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.