დარჩიაშვილი – მედიათავისუფლებაზე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ყველაზე თავისუფალი მედიაა
საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და ქვეყანაში მედიათავისუფლებას ეხებოდა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოში დღეს ყველაზე თავისუფალი მედიაა.
„საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და, ვფიქრობ, სწორედ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ყველაზე თავისუფალია მედია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა მოიტანა ამ ხელისუფლებამ, ეს არის ერთ-ერთი მედიათავისუფლება. თქვენს სიმრავლეზეც და, ზოგადად, საინფორმაციო ბადესაც ეს ეტყობა, რომ კრიტიკული მედია არსებობს, ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ეს ნაწილია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების.
რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევებს, სასამართლოში წარმოებულ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საკითხებს, ვფიქრობ, არანაირი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან. მედიათავისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი 12 პუნქტის, რომელსაც ძალიან მყარად ვასრულებთ. ვფიქრობ, ეს ქვეყანა აუცილებლად შეასრულებს 12 პუნქტს და საზოგადოების ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელზეც ქალბატონი მინისტრი საუბრობდა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სტატუსს და საქართველო მალე გახდება ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი“, – აღნიშნა მინისტრმა.