ილია დარჩიაშვილი: საქართველო და გერმანია ერთმანეთისთვის საიმედო, ღირებული პარტნიორები არიან

საქართველო და გერმანია ერთმანეთისთვის საიმედო, ღირებული პარტნიორები არიან, ჩვენი ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტს, საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო და გერმანია ერთმანეთისთვის საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან. დარჩიაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.

„კოლეგას გავაცანი ის ინტენსიური სამუშაო, რაც გავწიეთ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელებისას. მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომელზეც გრძელდება აქტიური მუშაობა პარლამენტში. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად იქნება შეფასებული და საქართველოსა და ევროკავშირის კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას ვიზეიმებთ. ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სექტორული ინტეგრაციის პროცესის ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზების ძიებას.

მისასალმებელია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტში გაკეთებული აქცენტი პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობაზე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით. დოკუმენტი ცალსახად აღიარებს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობას ევროპისთვის. კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის და ნატო-საქართველოს პაკეტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, თბილისში ვუმასპინძლო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ანალენა ბერბოკს.

მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე თბილისში მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ჩვენი ღია და სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგი, ორ უწყებას შორის დაწყებული დიალოგი, რომელიც ბერლინში ჩემი ვიზიტით დაიწყო. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა მრავალმხრივი ფორმატების პარალელურად, გვქონოდა ორმხრივი შეხვედრები და დღეს უკვე საპასუხო ვიზიტით, მინისტრი ჩამობრძანდა საქართველოში, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ გერმანიის გამორჩეული ინტერესის გამოხატულებაა. ის ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ამის გარდა, ვიზიტს განვიხილავთ როგორც გერმანიის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში. ასევე რეგიონში მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატულებას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები