“უკრაინის ომის ბედს მრეწველობის კარგი მუშაობა და დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერის უნარი გადაწყვეტს” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტი გაჭიანურების ფაზაში გადადის და კიევს მეტი საარტილერიო ჭურვი სჭირდება.

ამის შესახებ მან ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან საუბარში თქვა.

“პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, ის ომის გაგრძელებისთვის ემზადება. მეტი იარაღის მისაღებად, რუსეთი ამყარებს კავშირებს ავტორიტარულ რეჟიმებთან – ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სხვებთან”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჟამად, უკრაინა დღეში 4-7 ათას საარტილერიო საბრძოლო მასალას ხარჯავს, ხოლო რუსეთი დღეში საშუალოდ 20 ათას ჭურვს იყენებს.

ამის მიუხედავად, სტოლტენბერგი ამბობს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი ხარჯი მათი წარმოების მაჩვენებელს აღემატება”.

მისი თქმით, “სწორედ ამიტომ, დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა – შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მზად უნდა იყვნენ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერისთვის – იარაღით, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილებით”.

“ამის აუცილებლობა ნარჩუნდება, რადგან ეს არის ომი ამოწურვაზე. მას გადაწყვეტს ინდუსტრიული სიმძლავრის კონკურენცია და დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერის უნარი”, – ამბობს ის.

ამასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და მშპ-ის შეთანხმებული 2%-ამდე

21 მარტს გამოქვეყნებული, ნატოს უახლესი ანგარიშის თანახმად, ალიანსის 30 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ შვიდი ქვეყანა ასრულებს ვალდებულებას. საფრანგეთის მაჩვენებელი მშპ-ის 1,89%-ია, გერმანიის – 1,49%.

ცალკე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩინეთის პოზიციაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პეკინმა რუსული აგრესია ჯერ არ დაგმო. მან მოუწოდა ჩინეთის ლიდერებს, „პრეზიდენტ ზელენსკითან კონტაქტი პირდაპირ დაამყარონ“ და „მოისმინონ საკითხებზე უკრაინული ხედვა”.

რაც შეეხება უფლებამოსილების ვადას, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით თქვა, რომ ის ნამდვილად ოქტომბერში იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები