პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაასრულა

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაასრულა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის” კანონპროექტთა პაკეტის ორდღიანი განხილვა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, კანონპროექტი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა. მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის” პროექტი ახლებურად არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.

მომხსენებლის თქმით, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. პროექტის თანახმად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-დან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც. სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები „თავდაცვის კოდექსს” თანმდევ პროექტებთან ერთად ორი დღის განმავლობაში იხილავდნენ, სადაც დეპუტატები თითოეულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გამოთქვამდნენ.

„კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

საკითზე თანამომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განმარტებით, წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას საფუძვლად დაედო ისეთი ფაქტორები როგორიცაა არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის და სისტემის შემდგომი რეფორმირების საჭიროება.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მოახდენს საქართველოს თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების შემდგომ დახვეწას და სრულყოფას. ამ კოდექსს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის. კიდევ უფრო გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და ნატოსთან თავსებადობის ხარისხი. მოხდება ტოტალური თავდაცვის და ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა. უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი. ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ღერძი არის ჯარისკაცი, სამხედრო მოსამსახურე, მისი დაფასება, მასზე ზრუნვა და მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსზე” და მისგან გამომდინარე 45 პროექტზე კენჭისყრის პროცედურა ხვალ, 23 მარტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები