რა მითითებები გასცა გიორგი ღვინიაშვილმა გირგვლიანის საქმეზე?

რა მითითებები გასცა გიორგი ღვინიაშვილმა გირგვლიანის საქმეზე? – ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “პრაიმ-ტაიმი“ სტატიას. როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, ოლეგ მელნიკოვმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს დაადო ხელი, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ საქმეზე ბრალს კიდევ არაერთ ადამიანს წაუყენებენ. მათ შორის სახელდება თბილისის მაშინდელი პროკურორი და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ღვინიაშვილი.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დაწყების წინ, გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ.
როგორც ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი გაზეთთან საუბრისას ყვება, იმ დღეს ღვინიაშვილმა სასამართლო პროცესზე გამსვლელი პროკურორები, მანანა მოსულიშვილი, შოთა გენგაშვილი, მისი მოადგილეები და უწყების რამდენიმე გავლენიანი პირი შეკრიბა. სხდომას ესწრებოდა გენერალური პროკურატურის უფროსი გამომძიებელი ლაშა ამირანაშვილი და ასევე, იმ დროისთვის სტაჟიორ-პროკურორი სალომე ჯანუაშვილი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ამ საქმის შემდეგ სტაჟიორის პოზიციიდან, პროკურორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. რაც შეეხება ლაშა ამირანაშვილს, ის 2009 წლამდე გენერალური პროკურატურის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.
“როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ჯანუაშვილმა და ამირანაშვილმა ზემოხსენებულ შეხვედრაზე გიორგი ღვინიაშვილისგან მიიღეს დავალება, რომ არაფორმალურად დასწრებოდნენ სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესებს და იქ არსებული სიტუაციის შესახებ მასთან მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონოდათ.
“ალბათ, ცნობისმოყვარე მკითხველს გაუჩნდება კითხვა – რაში სჭირდებოდა ღვინიაშვილს, სატელეფონო კავშირის მეშვეობით მიეღო ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან, როდესაც პროცესი ისედაც გადაიცემოდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში. საქმე ის გახლავთ, რომ სასამართლო დარბაზიდან სატელევიზიო სიგნალი რამდენიმე წუთის დაგვიანებით მიდიოდა და, როგორც ჩანს, რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის, ეს რამდენიმე წუთიც მნიშვნელოვანი იყო. ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა კი ნამდვილად მოხდა, როდესაც დაზარალებულის მხარემ დააფიქსირა, როგორ აწვდიდა ტელეფონს ერთ-ერთ ბრალდებულს პროკურატურის თანამშრომელი. ეს თანამშრომელი კი გახლდათ ლაშა ამირანაშვილი. თავად ამირანაშვილმა ეს ფაქტი სასამართლო დარბაზშივე უარყო. შემდეგ ითქვა, რომ ტელეფონის მიწოდების ფაქტი, თავის დროზე მედიამ არასწორად გააშუქა, რეალურად მსგავსი არაფერი მომხდარა“ წერს გაზეთი.
ამ ფაქტს გაზეთთან არც წყარო ადასტურებს, რომელსაც იმ პერიოდში გამოძიებასთან ჰქონდა შეხება, თუმცა ამბობს, რომ ამირანაშვილი ისევე, როგორც სალომე ჯანუაშვილი მუდმივ სატელეფონო კავშირზე იყვნენ გიორგი ღვინიაშვილთან. „ტელეფონის გადაწოდებას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ეს შემდეგ უფრო პოლიტიკური მიზნებისთვის ააგორეს, თორემ მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა სატელეფონო კავშირი ღვინიაშვილთან ნამდვილად ჰქონდათ. ალბათ, გემახსოვრებათ სასამართლოს ჩვენება რომ მისცა ლევან ბუხაიძემ და განაცხადა, რომ სწორედ ოლეგ მელნიკოვი იმყოფებოდა ოქროყანის სასაფლაოზე, რაც მანამდე გამოძიებაში მას არ ჰქონდა ნათქვამი. ამ განცხადებას დარბაზში ხმაური და ოვაციები მოჰყვა, იყო სხვადასხვა შეძახილები. როგორც ვიცი, ამ ინფორმაციას ამირანაშვილი გიორგი ღვინიაშვილს გადასცემდა, მაგრამ მისი სატელეფონო საუბარი დარბაზში მსხდომებმა დააფიქსირეს. უეცრად დაიწყო წამოძახილები და მოსამართლისთვის მითითება“, – იხსენებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესებზე არაფორმალურად წარგზავნილ პროკურატურის წარმომადგენლებს ღვინიაშვილისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ და მათ ეს დავალება სწორედ ზემოხსენებულ შეხვედრაზე მიიღეს: მისთვის უნდა შემეტყობინებინა, ვინ და როგორ დაიკითხა და რა ვითარებაში ჩაიარა კონკრეტული მოწმის დაკითხვამ, უნდა მოეხსენებინათ, ვინ რა კითხვა დასვა, ასევე, მოწმის პასუხი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაემახვილებინათ იმ გარემოებაზე, თუ იქნებოდა არასტანდარტული, საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და საყურადღებო ვითარება დაკითხვის წარმოების დროს.
გამოცემის ინფორმაციით, ხელახალი გამოძიების პროცესში ჩვენებები უკვე მისცეს გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, თუმცა ადასტურებენ თუ არა ისინი ქალაქის პროკურორის მიერ გაცემულ დირექტივას, ეს უკვე მოგვიანებით გაირკვევა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, არ არის გამორიცხული, ამ საქმეზე თავად გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვაც მოხდეს, თუმცა მანამდე ის კომენტარში აცხადებს, რომ მას სასამართლოში არაოფიციალურად წარგზავნილი არავინ ჰყოლია, თუმცა სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად მიიღებდა. „რა გასაკვირია, რომ ქალაქის პროკურორი ინფორმაციას იღებდეს სასამართლო პროცესის შესახებ. არსებობენ პროცესზე გამომსვლელი პროკურორები, რომელთაგან საჭიროების მიხედვით მივიღებდი ინფორმაციას. არანაირი არაოფიციალური პირები მე არ მყოლია წარგზავნილი არც სანდრო გირგვლიანის და არც სხვა პროცესებზე“,- აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები